რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, - ამის შესახებ ბერლინის კლინიკა შარიტეში განაცხადეს. ინფორმაციას Meduza.io ავრცელებს.
როგორც კლინიკაში განმარტავენ, პოლიტიკოსს საწოლიდან წამოდგომაც შეუძლია.
"პაციენტი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატიდან წარმატებით მოხსნეს. მას მცირე დროით ლოგინიდან წამოდგომაც შეუძლია", - აცხადებენ შარიტეში.
ნავალნი გასულ თვეში მოწამლეს, ის კომაში იმყოფებოდა. გერმანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნი ქიმიური ნერვული აგენტით, ნოვიჩოკის ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. იმავე ქიმიური აგენტით მოწამლეს 2018 წელს ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი. მაშინ, ყოფილ ჯაშუშზე თავდასხმაში ბრიტანეთის ხელისუფლებამ რუსეთი დაადანაშაულა.
კრემლი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით გერმანიასთან პირდაპირი დიალოგის ინიციატივით გამოდის, თუმცა რუსი ოპოზიციონერის მოწამვლის ფაქტზე გამოძიების დაწყებაზე ამ დრომდე უარს აცხადებს. 4 სექტემბერს კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ბერლინის საავადმყოფოს ექიმებისგან განსხვავებით, ომსკის ჰოსპიტალის ექიმები, სადაც ნავალნი თავდაპირველად გადაიყვანეს, ბევრად გამჭვირვალედ მუშაობდნენ.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის და შვედეთის ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ნავალნი "ნოვიჩოკითაა" მოწამლული.